ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა „კატეგორიულად მცდარი“ უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, თითქოს, აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
მილერის კომენტარი აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ის მთავარმა კორესპონდენტმა აშშ-ში, ალექს რაიფოღლუმ გაავრცელა.
„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. ჩვენ გვაქვს ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია უფრო მშვიდობიანი, წარმატებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. 2008 წელს კრემლი საქართველოში შეიჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ამავდროულად, იგი აგრძელებს სასტიკ, აგრესიულ ომს უკრაინაში. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - ციტირებს ჟურნალისტი მეთიუ მილერს სოციალურ ქსელ X-ში.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ „თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“.
რუსული დაზვერვის თანახმად, ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები მოხალისეთა დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს.
„მათ ევალებათ „გარდაუვალი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება. „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა“, - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით.
საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის თქმით, „მოპოვებული ინფორმაცია“ გაასაჯაროვეს იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში „ფერადი რევოლუციების“ მცდელობების აღკვეთაში.
საქართველოში შესაძლო რევოლუციების, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის და „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების“ საფრთხეებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საუბრობს და საზოგადოებას მუდმივად აშინებს არეულობითა და სისხლისღვრით. არცერთი საქმე, რაზედაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, გამოძიებული არ არის. ერთი თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისიც თქვა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა. მანამდე ეს ინფორმაცია სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს. აგვისტოში გამართულ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ცალკე ტრიბუნასთან დგას და ტყვიაგაუმტარი შუშა იცავს.
