მიშა მშვილდაძეზე თავდასხმისთვის ნიკოლოზ გუგეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ნიკოლოზ გუგეშაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც თქვა, რომ თავდებობისთვის იყო მზად.

„უნდა იცოდეს ყველამ - სასამართლომაც, ხელისუფლებამაც, ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ძალიან ცუდ პროცესებამდე. ეს არ ემსახურება ძალადობის პრევენციას. ეს ემსახურება ძალადობის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას.

ერთადერთი კავშირი, რაც ნიკოლოზ გუგეშაშვილთან მაქვს, ეს არის ღირებულებითი კავშირი. მან გააკეთა ის, რასაც გავაკეთებდით თითოეული ჩვენგანი, ვისაც აქ ხედავთ. ვისაც აქ ხედავთ, ყველა გააკეთებს იგივეს. მშვილდაძე, ჯაფარიძე, თქვენი ტელევიზიის [იგულისხმება ტელეკომპანია „პირველი“] ზონდერები, ამ ხალხზე, საქართველოს მოსახლეობაზე მოძალადე ჯგუფები ადეკვატურ პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს, საღამოს, იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა და სუპერმარკეტში შედიოდა. მეორე დღეს ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც მიშა მშვილდაძეს ვცემე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და ამბობს, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც არსად დამალვას არ ვაპირებ“, - წერდა გუგეშაშვილი.

ნიკოლოზ გუგეშაშვლის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 1-ელი მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისმხობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს გაიმართება.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა სავარაუდოდ წინასწარი იყო ორგანიზებული. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დანაშაული ისეთივე ფორმითა და ტექსტით აღიარა, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა სოსო მაისურაძე გააკეთა. მაისურაძეც თავდასხმის ერთ-ერთ მოტივად ჯაფარიძის მიერ „პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას“ ასახელებდა.

სოსო მაისურაძე ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად 17 ივნისს, გორში, ავტობანზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ ავტოსადგომზე გაუსწორდა. თავდასხმის პარალელურად, ვატო შაქარიშვილი და მისი მხარდამჭერები ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში მივარდნენ, სადაც ზურაბ ჯაფარიძე ტრენინგის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.