რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მინიმალური ზომები მიიღო, „მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული. არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან იყო ძალიან უხეში ძალადობა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს რევოლუციური გეგმა ასედაც და ისედაც ჩავარდებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი იმისთვის, რომ დაეგრძელებინა პროცესი. ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება. ჩვენ ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ ეს კანონპროექტი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა. სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა და ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო კანონპროექტი ხელისუფლებამ, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყო ერთადერთი - არსებობდა მეორე მხრიდან მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი, რასაც შეიძლებოდა რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ეს არ დავუშვით“, - თქვა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა.
„რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ. ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი.
საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება. წარმოიდგინეთ, არის 8 წლის ბავშვი, სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს ფეისბუკზე იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე. წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი. ასეთი რამ გერმანიაში არ უკადრიათ ნაცისტებს გასული საუკუნის 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლომდე გაშიფრეს და დღეს ზუსტად იციან, საჭიროების შემთხვევაში, რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ „რევოლუციური გეგმები ისევე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან და როგორც ერთი კვირის წინ ჩაიშალა“.
„რეალურად, იმ დისკუსიით, რომელიც ამ კანონპროექტის ირგვლივ წარვმართეთ, მივიღეთ რა? ყველამ გაიგო საზოგადოებაში, რომ აგენტობა არის სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა.
მეორე, საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნა, ვინ არის აგენტი, ვინ არ არის, ვინ რა საქმიანობით არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში. ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მესამე - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ „ბაკურიანის გეგმებზე“. ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რაც წინა კვირაში ვიხილეთ. ეს გეგმა კიდევ ერთელ ჩავარდა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი, მათ შორის, აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ NGO-ების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. აქციის დაშლისას მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთმა მომიტინგემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ აქვეყნებს ინფორმაციას, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მოქალაქეების პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო, ხოლო მეორე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.