20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი მთავარი კონკურენტი, ყოფილი გენერალურ პროკურორი ალექსანდრ სტოიანოღლო გადადიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 98.51% დაითვალა. მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.07%-ის (640 881 ამომრჩეველი) მხარდაჭერა აქვს, ხოლო ალექსანდრ სტოიანოღლოს - 26.27%-მა (400 208 ამომრჩეველი) მისცა ხმა. არჩევნების პირველ ტურში 11 კანდიდატი მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ასევე ჩატარდა რეფერენდუმი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 50.16%-მა (735 834 ამომრჩეველი) ხმა ევროინტეგრაციას მისცა, ხოლო 49.84%-მა (731 123 ამომრჩეველი) სარეფერენდუმო კითხვას „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციის ცვლილებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ უპასუხა „არა“.
„მოლდოვა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის წინაშეა“, - განაცხადა მაია სანდუმ კიშინიოვში, რეფერენდუმის წინასწარი შედეგების კომენტირებისას. მან ჩარევაში დაადანაშაულა „ეროვნული ინტერესებისადმი მტრულ უცხო ძალებთან მომუშავე კრიმინალური ჯგუფები“.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები 300 000 ხმის მოსყიდვას ისახავდნენ მიზნად, რაც უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობაა. მათი ამოცანა იყო დემოკრატიული პროცესის შელახვა. განზრახული აქვთ საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება. ჩვენ უკან არ დავიხევთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით გავცემთ პასუხს“, - თქვა სანდუმ.
არჩევნებსა და რეფერენდუმზე აქტივობამ მთლიანობაში 51%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობა რესპუბლიკის მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ამომრჩევლებმა ხმა 2219 საარჩევნო უბანზე მისცეს. აქედან 1988 მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო გახსნილი, ხოლო 231 ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 37 ქვეყანაში .
