მომიტინგეებს ნიღბის ტარება, პიროტექნიკისა და ლაზერის ქონა ეკრძალებათ - ჯარიმა 2000 ₾ იქნება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

არალეგიტიმურმა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით, აქციების მონაწილეებს აეკრძალებათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე, პიროტექნიკისა და ლაზერების ქონა. ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

„შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვერსია მხოლოდ პიროტექნიკურ ნაწარმს ეხებოდა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

„ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი ან პიროტექნიკური ნაწარმი;“;

1) იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;

2) სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;“.

„როდესაც მოქალაქე მიდის აქციაზე იმისთვის, რომ პროტესტი გამოხატოს, მისი ინტერესიც უნდა იყოს, რომ ის ღიად და საჯაროდ გამოხატოს. როდესაც ხდება სახის დაფარვა, მით უმეტეს, მასობრივად, ამ შემთხვევაში რისკები იმისა, რომ ძალადობრივი, აგრესიული მიზნები გააჩნდეს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, მნიშვნელოვნად იზრდება. კომიტეტზე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება გარკვეული პროფესიული ჯგუფები - მაგალითად, ჟურნალისტები, ექიმები - წარმოადგენდნენ გამონაკლისს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ მიზანშეწონილია გამონაკლები დაწესდეს, რაზეც მეორე მოსმენის ფარგლებში გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე ან შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლიათ სახის დაფარვა, აგრეთვე ამ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ აქციაზე ნიღბით მისვლაც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. „მთავარია ის ადამიანი იქ იყოს მშვიდობიანად და არ ჰქონდეს განზრახვა, ნიღაბმა მისი დანაშაულებრივი ქმედებები დაფაროს. პრინციპების დონეზე გაგიზიარეთ სტანდარტი, რას ამბობს საერთაშორისო სტანდარტები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით - ბლანკეტური აკრძალვა არის პრობლემა. გამოწვევაა, რომ ფორმულირება იყოს ისეთი, რომ ბალანსი იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა თამარ გვარამაძემ. მისი თქმით, სახალხო დამცველს ამ საკითხზე შენიშვნები ექნება. 

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს და სამივე მოსმენით მიღებას საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გეგმავს. სესია პარასკევს, 13 დეკემბერს იხურება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონპროექტს სავარაუდოდ, ხელს არ მოაწერს. მისი შეფასებით, „რეჟიმი“ ახალ კანონებს თავის თავზე ირგებს.

„არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ატარონ ეს ნიღბები ან ვალდებულება, როგორც არის მიღებული მსოფლიო სტანდარტებში, რომ ატარონ საიდენტიფიკაციო ნიშნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი რეგულაციები ძალაში, როგორც ჩანს, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით, გამოქვეყნებისთანავე შევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.