სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც დაბადებით ამერიკის მოქალაქეობის მოპოვების უფლებას ზღუდავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
მოსამართლე ჯონ კუენურმა ოთხი შტატის - ვაშინგტონის, არიზონას, ილინოისისა და ორეგონის პროკურორების სარჩელი განიხილა და გამოსცა დროებითი შემაკავებელი ორდერი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ორი კვირის განმავლობაში განკარგულების აღსრულებას უკრძალავს. ამ პერიოდში მოსამართლემ უნდა განიხილოს, გამოსცეს თუ არა გრძელვადიანი აკრძალვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ტრამპმა სადავო განკარგულებას ხელი ორშაბათს, პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების პირველივე დღეს მოაწერა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აღნიშნული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებაში განმტკიცებულ უფლებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ნებისმიერი ადამიანი არის მოქალაქე.
მოსამართლემ განკარგულებას „უხეშად არაკონსტიტუციური“ უწოდა.
„ოთხ ათეულ წელზე მეტია სასამართლოში ვმუშაობ და არ მახსოვს სხვა შემთხვევა, როცა საკითხი დასმული ყოფილიყო ისე ნათლად, როგორც ამ შემთხვევაში. ეს არის უხეშად არაკონსტიტუციური განკარგულება“, - თქვა მოსამართლე კოენურმა.
ტრამპის განკარგულების მიხედვით, 19 თებერვლის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბადებული ნებისმიერი ბავშვი, რომლის დედა და მამა არ არიან ამერიკის მოქალაქეები ან კანონიერი მუდმივი რეზიდენტები, დეპორტაციას დაექვემდებარება.
იუსტიციის დეპარტამენტი განკარგულების დაცვას აპირებს, თუმცა, ვაშინგტონის გენარალური პროკურორი ნიკ ბრაუნი ვერ ხედავს საფუძველს დეპარტამენტმა წარმატებას მიაღწიოს, მაშინაც კი, თუ საქმე უზენაეს სასამართლოში წავა, რომლის შემადგენლობის კონსერვატიული უმრავლესობა (6 – 3-ზე) ტრამპის მიერ დანიშნულ სამ მოსამართლეს მოიცავს.
ოთხი შტატის პროკურორები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ახალი განკარგულების ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოქალაქეობაზე უარს ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი ახალშობილი მიიღებს.
