მოსამართლის სახლთან აქციისთვის 9 ადამიანი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ 5-5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა ცხრა ადამიანს, რომლებმაც მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში შეძახილები - „უსამართლო სასამართლო!“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროცესზე, რომელიც 12:00 საათიდან მიმდინარეობდა, სახდელის სახით ჯარიმის გამოყენება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო. მათი თქმით, მოსამართლის სახლთან შეკრება იყო სოლიდარობის გამომხატველი სიმბოლური აქტი, რომელსაც დისკომფორტი არავისთვის შეუქმნია.

პედაგოგმა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს სთხოვა, „შენიშვნით“ შემოფარგლულიყო, რადგან იმის მიუხედავად, რომ სამ სკოლაში მუშაობს, ჯარიმის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

„დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს. ფეხით დავდივარ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ვინც არ ვართ… ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ამ სანქციას გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და მე ძალიან გთხოვთ, რომ... არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, მთელი სადღაც 100 მასწავლებელი ჩავრთო. გთხოვთ, რომ ეს სანქცია მოგვიხსნათ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გაგვისტუმროთ აქედან“, - განაცხადა მან.

საბოლოო ჯამში, მოსამართლე მოსიძემ ჯარიმა გამოიყენა. მან სამართალდამრღვევად ცნო აქციის ცხრავე მონაწილე:

  • გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  • ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
  • ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
  • ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  • მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
  • ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
  • გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
  • ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა აქციის მონაწილეების მიმართ ქუთაისის პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ 6 თებერვალს შეადგინა. 

დღევენდელ სხდომაზე ჩვენება ორმა პოილიციელმა მისცა. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს, დავით დვალიშვილს ჰკითხეს, რატომ არ მივიდა მოსამართლის სახლთან შეკრებილებთან და გააფრთხილა ისინი შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, რაზეც მან თქვა, რომ ორი წუთი გაჩერდა და აქციის მონაწილეები უკვე იშლებოდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისი პატაკის მიხედვით, მოსამართლის სახლთან მოქალაქეების ჯგუფი 19:50 საათზე შენიშნა, პირდაპირ ეთერში გადაცემული კადრებით კი დასტურდება, რომ აქცია 20:00 საათისთვისაც მიმდინარეობდა.

შსს აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა. „ქართული ოცნების“ მიერ კოდექსში ახლახანს განხორციელებული და 6 თებერვალს ძალაში შესული ცვლილებების მიხედვით, ეს ქმედება იწვევს 5000 ლარით დაჯარიმებას ან 60 დღემდე პატიმრობას. მანამდე, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას აქციისთვის ერთადერთი სანქცია 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა იყო.

მალხაზ ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უკანონო ბრალით მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.