სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ. ექიმების შეფასებით, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს, 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელსაც ექიმები გიორგი გრიგოლია, გიორგი კაჭარავა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი და აიდა გოზალოვა აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოხატული აქვს მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით [გადასხმით].
„თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0.5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის - შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც. კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც“, - ნათქვამია ექსპერტების დასკვნაში.
რაც შეეხება პაციენტის მართვას კლინიკაში, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც, ექსპერტების შეფასებით, პრაგმატული მიდგომაა. პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ. ექსპერტების ინფორმაციით, მხოლოდ ერთ, 31 მაისის, ჩანაწერში ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
„საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგალითად, ვირუსული ინფექცია“,- ვკითხულობთ ექსპერტების დასკვნაში.
ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. მორიგი ვიზიტი სექტემბერში იგეგმება.
55 წლის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2022 წლის მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 2023 წლის 3 ივლისს, თებერვლის თვიდან პირველად, სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. კადრებში ჩანდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელინსკიმ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. ზელენსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება და თბილისში კონსულტაციების გასამართად გაგზავნა დაავალა. ელჩი გიორგი ზაქარაშვილი თბილისში დაბრუნდა, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებს გამორიცხავს.