საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრთა უმრავლესობამ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნამდე, მის მოვალეობას თურნავა შეასრულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საბჭოს 7 წევრიდან 5-ის მხარდაჭერა მიიღო, 2-მა კი თავი შეიკავა.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი, რომ შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-რეზიდენტად ნათია თურნავას არჩევამდე, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იქნა შემოღებული. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელია.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რადგან მიიჩნევდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოს მმართველობაში უხეშ ჩარევას გამოიწვევდა. მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე, „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა. 13 ივნისს, პარლამენტმა 82 ხმით 9-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ვაკანტურია. დღემდე პრეზიდენტის უფლებამოსილებას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი - არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.
კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
პარლამენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, 2022 წლის 7 ივნისს აირჩია. პარლამენტს მისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2019-2022 წლებში იყო, 2018-2019 წლებში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2013-2018 წლებში ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.