საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 9 თებერვალს, დაჩქარებული წესით მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია! რა ხდება დღეს? მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად. ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.
რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.
მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი გაითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 83 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო, „ქართული ოცნების“ წევრებმა პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი ზარქუამ, გოგი მეშველიანმა, რამინა ბერაძემ და ანტონ ობოლაშვილმა წარადგინეს.
მოქმედი კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი. მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. გარდა ამისა, იცვლება ისიც, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეროვნული ბანკი არ ეთანხმებოდა. როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანია, რომ მასში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრებზე მეტი იყოს.
„შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან - როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში მოვალეობის დაკისრებისა და უფლებამოსილების განაწილების საკითხები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით წესრიგდება, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. მესტვირიშვილის განმარტებით, ბრძანება ასევე ითვალისწინებს სხვა ვიცე-პრეზიდენტებზე მოვალეობის დაკისრების შემთხვევებს და პრაქტიკაში ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი ამ მიმართულებით არასდროს შეფერხებულა.
ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოში კანონით გათვალისწინებული 9 წევრის ნაცვლად 8 წევრია: კობა გვენეტაძე (ბანკის პრეზიდენტი), არჩილ მესტვირიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), პაპუნა ლეჟავა (ვიცე-პრეზიდენტი), ნიკოლოზ გაგუა (ვიცე-პრეზიდენტი) და ასევე, ნათია თურნავა (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი), ეკატერინე მიქაბაძე (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე), ეკატერინე გალდავა (ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველი, ბანკი „ქართუს“ აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი), რობერტ სინგლეტარი (საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტი). ვაკანტურია ერთი აღმასრულებელი წევრის თანამდებობა.
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2023 წლის მარტში ეწურება.