საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო 82 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაძლია. დეპუტატების უმრავლესობამ არ გაიზიარა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას გამოიწვევს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ვეტოს დაძლევის პროცედურის დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, მმართველი პარტიის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ეროვნული საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს წარუდგენდა, პარლამენტი ვეტოს არ დაძლევდა. პრეზიდენტმა ხუციშვილის წარდგენაზე უარი თქვა. როგორც ადმინისტრაციამ განმარტა, სალომე ზურაბიშვილს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რაც გამყარდა „მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით“.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება ხდება. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს. ახალი კანონით, ეროვნული ბანკის საბჭოში 5 აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელი წევრი იქნება, რითაც საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, გაუქმდება.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანონში ცვლილებების შეტანის რეალური მიზანი ეროვნულ ბანკზე „ქართული ოცნების“ კონტროლის დამყარებაა.
„კანონპროექტი პარლამენტში შემოვიდა, მაშინ, როცა მთავრობას გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლი დაეკარგა. პრეზიდენტის ვეტო რატომ არ დავძლიეთ მაშინვე? იმიტომ, რომ უმრავლესობას გქონდათ იმედი, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებას მოახერხებდით და პარლამენტში თქვენთვის სასურველ კანდიდატს შემოიყვანდა. მაშინ, არანაირი ინსტიტუციური ცვლილება თქვენ აღარ გაინტერესებდათ - არც ვიცე-პრეზიდენტების დამატება, არც ვიღაცისთვის „პირველის“ დარქმევა. ეს კანონპროექტი ისევე ჩაბარდებოდა წარსულს, როგორც ბევრი სხვა. ანუ, მთავარი არის რა? რომ ბანკში თქვენთვის სასურველი ადამიანი გახდეს ხელმძღვანელი.
დიახ, ზუსტად ასე იყენებდა პარლამენტს და კანონმდებლობას წინა ხელისუფლება - თუკი სადმე ვინმე და რამე არ მოსწონდა, მიდიოდა და აკეთებდა, გადაუვლიდა ყველაფერს. ამ კანონპროექტს აწერია ის, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ სააკაშვილის მიქარვებიდან და ჩვენც ისევე მივქარავთ“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
„ყველაფერი რაც კეთდება, მიმართულია იმისკენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნოს მხოლოდ პარტიის მორჩილი ადამიანი“, - აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა (2005-2007 წლები) რომან გოცირიძემ.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ დეპუტატების (პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი) მიერ ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა. ცვლილებების ავტორების განმარტებით, ბუნდოვანი იყო, თუ რა პროცედურით ხდებოდა მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება.
23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა. „რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა. ამას პრაქტიკა ადასტურებს“, - განაცხადა მან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრეზიდენტის ვეტოს მიესალმა.
დღეისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოში კანონით გათვალისწინებული 9 წევრის ნაცვლად 7 წევრია: არჩილ მესტვირიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი), პაპუნა ლეჟავა (ვიცე-პრეზიდენტი), ნიკოლოზ გაგუა (ვიცე-პრეზიდენტი), ნათია თურნავა (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი), ეკატერინე მიქაბაძე (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე), ეკატერინე გალდავა (ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველი, ბანკი „ქართუს“ აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი), რობერტ სინგლეტარი (საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტი). ვაკანტურია ორი აღმასრულებელი წევრის თანამდებობა.
ეროვნულ ბანკს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს, რადგან კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურა. მას შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს, რომელსაც ვადა დეკემბრის დასაწყისში გასდის.