პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად განიხილავდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას, თუმცა მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. მსხილაძის თქმით, კითხვები პრეზიდენტზე მუდმივმა ზეწოლამ და შანტაჟმა გაამყარა, „ქართული ოცნების“ დღევანდელმა განცხადებამ კი დაადასტურა, რომ ხუციშვილის კანდიდატურა მმართველი პარტიისთვის უალტერნატივოა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემა ექმნება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია.
რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით.
ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად იცავდა და ემსახურებოდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, პრეზიდენტის ვეტო იყო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
საქართველოს ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ორი პოზიცია ვაკანტურია. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ ზურაბიშვილი წლის ბოლომდე პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პრეზიდენტის მიერ 23 თებერვალს გამოყენებული ვეტო დაძლიოს და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მომდევნო სასესიო კვირაში მიიღოს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას, რომელიც დღეს 9-წევრიანია, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი კანონით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, გაუქმდება.
მოქმედი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს, რომელიც მანამდე ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო.