პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. მმართველი პარტიის თანახმად, ზურაბიშვილთან არსებობდა შეთანხმება, რომ ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა გახდებოდა შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები „პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებას“.
„დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა.
საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.
ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას“, - აცხადებს მმართველი პარტია.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღოს. ვეტოს დაძლევის პროცედურას პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 9 თებერვალს, დაჩქარებული წესით მიიღო, 23 თებერვალს კი კანონს ვეტო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაადო. როგორც მან განმარტა, კანონში ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია“.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას, რომელიც დღეს 9-წევრიანია, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
„ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ვეტოს განმარტებისას.
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს, რომელიც მანამდე ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
მოქმედი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია - პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს თავად ეროვნული ბანკიც არ ეთანხმებოდა. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ახალი კანონით საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, გაუქმდება. გარდა ამისა, მესტვირიშვილი ამბობდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების შესრულების კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრებას ბანკის საქმიანობა არასდროს შეუფერხებია.