„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად პარტიის დაფუძნებას გეგმავს. მისი თქმით, ახალი პარტიის შექმნა ხალხის დაკვეთაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის. იქნებიან სკეპტიკოსები, ბევრი მინახავს ასეთი, მაგრამ შემდეგ მათ პოზიცია შეუცვლიათ. ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაცია, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. დაფუძნდება რისთვის? უამრავი ადამიანი დღეს არის არჩევანის გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არ დამარცხდება „მინდა ვიყო ოლიგარქობით“, პოლიტიკური კორუფცია არ დამარცხდება პოლიტიკური კორუფციით“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტად არაფორმალური მმართველობა იქცა, რადგან პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დაეპატრონა.
„ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ბატონი კეზერაშვილი, გაუმარჯოს. მე, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, სხვა ამოცანა მაქვს. ეს ამოცანა არ არის მერკანტილური; არ არის პოლიტიკურ ბიზნესზე ორიენტირებული; არ არის პოლიტიკურ ვაჭრობაში თანამონაწილეობა, პოლიტიკური კორუფცია. ჩვენი ამოცანა არის მორალი, ცოდნა, გამბედაობა, სიტყვის ფასი, რომელიც ძალიან დეფიციტურია და ამ მოჯადოებული წრის გარღვევა“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ.
პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა და არასწორია მისი როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის განხილვა.
7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და „წინ, მომავლისკენ“ მიდის. უფრო ადრე, 27 ნოემბერს, განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მელია პარტიას აღარ წარმოადგენდა.
ბოლო პერიოდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ახალციხის, ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობის, კასპის, სიღნაღისა და ახმეტის საკრებულოების წევრებმა. პარტიიდან წასულები ამბობენ, რომ ახალ პლატფორმას ნიკა მელიასთან ერთად შექმნიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც პარტიის წევრთა ნაწილმა ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. 2023 წლის იანვარში ჩატარებულ არჩევნებში ნიკა მელია დამარცხდა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. ნიკა მელია, რომელსაც პარტიის თავმჯდომარედ 2020 წლის ბოლოს აირჩიეს და უფლებამოსილება 2024 წელს ეწურებოდა, კეზერაშვილ-მერაბიშვილს შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევის მცდელობასა და არაფორმალურ გავლენებში ადანაშაულებდა.