„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ისანი-სამგორის პოლიციის უფროსის მოადგილეს, გიორგი ჩოქურს ძალადობაში ადანაშაულებს. მელიას თქმით, პოლიციელი მას ფიზიკურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. შუშებიან შენობაში გაუსწორდა, სადაც აქციაზე დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„2013 წლიდან პოლიტიკურ პროცესებში ვარ, ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად, პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან - პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა“, - განაცხადა მელიამ გათავისუფლების შემდეგ.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, გიორგი ჩოქურმა მას წიხლი ბორკილებდადებულს ჩაარტყა, რასაც „უამრავი ადამიანი“ შეესწრო.
„თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ - სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია. ბუნებრივია, მე ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება, მაგრამ იქ 7-8 სხვა პოლიციელი იდგა, რომლებმაც გააკავეს ეს ადამიანი. მას ნამდვილად ეუხერხულება იმის მოსმენა, რომ ის არის ივანიშვილის სამსახურში და არანაირი პოლიციელი ის არაა. ეს ვუთხარი მას, რომ არ არის პოლიციელი და ნუ თამაშობს პოლიციელობას“, - უთხრა მელიამ ტელეკომპანია „პირველს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 თებერვალს, თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
პოლიტიკოსებსა და აქციის რიგით მონაწილეებს ძალადობის გამოყენებით აკავებდნენ, რასაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ხელმძღვანელობდა.
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირებულმა „ხარებამ“ ერთ-ერთ დაკავებულს სახეში წიხლი თავადაც ამოარტყა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმელებმა ხელებშეკრული მიუყვანეს.
„თბილისი მოლთან“ მოქალაქეები უწყვეტი საპროტესტო აქციების 67-ე დღეს შეიკრიბნენ. აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.