გერმანიის ხელისუფლებამ ოჯახთან არ განიხილა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობამისჯილი ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი. ამის შესახებ „დოიჩე ველესთან“ ხანგოშვილის ქვრივმა, მანანა ცატიევამ განაცხადა. მისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს გააკეთებდნენ“, - განაცხადა ცატიევამ. მისი თქმით, კრასიკოვისთვის განაჩენის გამოტანისთანავე გავრცელდა ჭორები, რომ მოსკოვი მის გაცვლაზე მოლაპარაკებას ცდილობდა.
„მაშინ ადვოკატებმა დაგვამშვიდეს, გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელია: თუ ადამიანს უვადო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, მაშინ მან ვადის ნახევარი მაინც ამ ქვეყანაში უნდა მოიხადოს. თურმე ნებისმიერი კანონის იგნორირებაა შესაძლებელი პოლიტიკური მიზეზების გამო“, - აღნიშნა ხანგოშვილის ქვრივმა.
მანანა ცატიევას თქმით, გერმანიის ხელისუფლებას გარდაცვლილის ახლობლების მიმართ „ელემენტარული პატივისცემის“ გამოვლენა მართებდა.
„ოჯახს რატომ არ ეკითხებიან მაინც? თითქოს ეს ოჯახი არ არსებობს, თითქოს ეს ტრავმა არ მიუღია. პოლიტიკა ყველაზე დიდი პროსიტუციაა და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება“, - განაცხადა ციტიევამ. ამასთან, მისი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახისთვის „საწყენი არ არის, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადარჩა“.
გერმანიამ ვადიმ კრასიკოვი რუსეთს 1-ელ აგვისტოს, რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში გადასცა. გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ გერმანიის პროკურატურა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“.
გერმანული მედიის ცნობით, კრასიკოვის გაცვლის ერთ-ერთი „მძვინვარე მოწინააღმდეგე“ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი - მას არასწორად მიაჩნდა მოლაპარაკებები რუსეთთან, რომელიც „მძევლების აყვანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს“ და აცხადებდა, რომ კრასიკოვის, რომლის ქმედებები „სახელმწიფო ტერორიზმად“ იქნა ცნობილი, გათავისუფლება არასწორი სიგნალის გაგზავნა იქნებოდა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის რუსეთში დეპორტაციაზე გადაწყვეტილება იოლად არ მიუღიათ. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლთან ასეთი შეთანხმება აუცილებელი იყო რუსეთის ციხეებში მყოფი რუსი პოლიტპატიმრების, გერმანიისა და აშშ-ის მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც პანკისის ხეობიდან იყო, ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და იქ თავშესაფარს ითხოვდა. 2019 წლის 23 აგვისტოს ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, როდესაც ველოსიპედით გამვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში დაჭრა. 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი ვადიმ კრასიკოვი, ყალბი რუსული პასპორტის მიხედვით კი ვადიმ სოკოლოვი, იმავე დღეს დააკავეს. 2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.