გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა პატიმრების ფართომასშტაბიან გაცვლაზე, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის 1-ელ აგვისტოს შედგა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთში დეპორტაცია იოლად მიღებული გადაწყვეტილება არ იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ეს რთული გადაწყვეტილება მიღებული იქნა შესაბამისი უწყებებისა და მმართველი კოალიციის ერთობლივი საგულდაგულო კონსულტაციებისა და მსჯელობის შემდეგ. ის განხორციელდა თავისუფლების აღკვეთის სასჯელის აღსრულებაზე უარის თქმისა და შემდგომი დეპორტაციის შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანების საფუძველზე“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლთან ასეთი შეთანხმება აუცილებელი იყო რუსეთის ფედერაციის ციხეებში მყოფი რუსი პოლიტპატიმრების, გერმანიისა და აშშ-ის მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
„გადაწყვეტილება, სამუდამო პატიმრობამისჯილი მკვლელის დეპორტაციის შესახებ, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წელი გაატარა ციხეში, არავისთვის იყო მარტივი.
პატიმრობის აღსრულების სახელმწიფო ინტერესი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო რუსეთში დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების და უკანონო პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან, მათი ჯანმრთელობის და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლის საფრთხეებთან“, - განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ გარიგების ფარგლებში, გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელიც ბელარუსში ტერორისზმის ბრალდებით გაასამართლეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა. გერმანიის კანცლერის კრიგერს და რამდენიმე რუს პოლიტიკურ პატიმარს ქალაქ კიოლნის აეროპორტში დახვდა.
პატიმართა გაცვლას გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკლ როთი, რომელმაც თქვა, რომ „ზოგჯერ, ჰუმანური მიზნების გამო, ეშმაკს უნდა გაურიგდე“.
პატიმართა გაცვლის ფარგლებში რუსეთმა 16 ადამიანი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი 8 მიიღო. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, რუსეთმა ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად გაათავისუფლა პოლიტპატიმრები თავისი სპეცსამსახურების თანამშრომლების სანაცვლოდ.
ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებით პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო დაინტერესებული.
მოსკოვში დაბრუნებულებს პუტინი აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან, წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით დახვდა. პირველი, ვისაც მან ხელი ჩამოართვა და გადაეხვია სწორედ ვადიმ კრასიკოვი იყო.
კრასიკოვს გერმანიაში, 2021 წლის დეკემბრიდან სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2019 წლის 23 აგვისტოს, დღისით, მან ბერლინის პარკში ორი გასროლით მოკლა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. პუტინი კრასიკოვს უწოდებდა „პატრიოტის, რომელმაც ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა“.