რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცების ე.წ. სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განკარგულებას ხელი 29 სექტემბერს მოაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ.
ბჟანიამ „განკარგულება“ გამოსცა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ 2014 წელს მიღებული ე.წ. კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სამხედრო გაწვევა წელიწადში ორჯერ - 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით და 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხორციელდება.
21 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა მედია წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გასაგზავნად მობილიზაცია შესაძლოა მილიონზე მეტ ადამიანს შეეხოს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია აფხაზეთშიც ჩატარდება.
„რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის კონტექსტში ჩვენი ოპონენტების მიზანია, აფხაზურ საზოგადოებაში პანიკური განწყობების დათესვა და ამით რუსულ-აფხაზური ურთიერთობების ფონის გაუარესება. ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, ამ საკითხში წინდახედულება გამოიჩინონ“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Meduza 25 სექტემბერს წერდა, რომ კრემლში არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქალაქეების მობილიზებასაც განიხილავენ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ ამ რეგიონებიდან რამდენიმე ათასი ადამიანის გაწვევაა შესაძლებელი.
პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მობილიზაციის გამოცხადებით, რუსეთი სოხუმსა და ცხინვალში დამატებით პრობლემებს შეიქმნის.
ზაქარეიშვილი ხაზს უსვამს აფხაზეთში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე დაწყებული პროცედურებით ხალხის უკმაყოფილებას და ცხინვალის რეგიონიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი სამხედროების დაღუპვის მაღალ მაჩვენებელს. ექსპერტის ინფორმაციით, დაღესტნელების შემდეგ დაღუპულების რაოდენობით ოსები მეორე ადგილზე არიან. პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, საჯაროდ გააკეთონ განცხადება, რომ მზად არიან მიიღონ ის აფხაზები და ოსები, ვისაც ომში გაგზავნის საფრთხე ემუქრებათ, დაიცვან მათი ანონიმურობა და აქ ცხოვრების პირობები შეუქმნან.