ევროკავშირის ელჩებმა ევროსაბჭოს დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების მფლობელები ვერ მიიღებენ ევროკავშირის წევრის ქვეყნების ვიზას და ვერც შენგენის ზონის საზღვრებს გადაკვეთენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტში გაგრძელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისედაც არ აღიარებენ. ევროსაბჭოს განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილების მიზანია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, ასევე, საგარეო საზღვრების და სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირებისა და ევროკაშვირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე. აგრეთვე, რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

რუსეთის სამგზავრო დოკუმენტები გაცემული რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ან იქ მცხოვრებ პირებზე, არ იქნება აღიარებული ვალიდურ სამგზავრო დოკუმენტად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრის გადასაკვეთად.

უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო წესრიგის აშკარა უგულებელყოფა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკრაინის და საქართველოს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამეტური უფლებების დარღვევას. ევროკავშირი გაერთიანებულია და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე, ოკუპირებული ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხელშეკრულებები დაამტკიცა, რითიც უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის პროცესი დასრულდა. უფრო ადრე, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა.

შენგენის ზონა 1985 წელს შეიქმნა. ამჟამად იგი მოიცავს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან ყველას ირლანდიისა და კვიპროსის გამოკლებით. ევროკავშირის წევრ ბულგარეთზე, რუმინეთსა და ხორვატიაზე შენგენის ზონის ზოგიერთი დებულება ვრცელდება. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შენგნის ზონაში შესვლის შემდეგ, მის ფარგლებში გადაადგილება საზღვრებზე საპასპორტო კონტროლის გავლის გარეშე შეუძლიათ. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).