ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © REUTERS/Irakli Gedenidze

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბერიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინმედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ არ დაიშვებიან. მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნება“ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განხილვას გეგმავს. 26 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არალეგიტიმური პარლამენტის განცხადების თანახმად, შეზღუდვის მიზანი შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში დღეს, 25 ნოემბერსაც არ შეუშვეს, როდესაც „ქართული ოცნება“  პირველ სხდომაზე შეიკრიბა და მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ერთპარტიულად, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ცნო. როგორც არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, „ეს ზომები არის იმისთვის, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს სხდომა, მათ შორის, მედიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა იმუშაოს შეფერხების გარეშე“.

„2020 წლის პირველი სხდომა, ალბათ, გახსოვთ. მაშინ აშშ-ის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ასე რომ, ვფიქრობ, კარგი ფორმატი არის იმისთვის, რომ გვქონდეს სამუშაო გარემო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა შეზღუდული ჰქონდათ გაზაფხულზეც, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა და მიიღო.

16 აპრილს, ონლაინგამოცემების „პუბლიკას“, „საქართველოს ამბები/მთის ამბების“, „ნეტგაზეთის“, სტუდია „მონიტორის“ რედაქტორებმა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს და მოითხოვეს დისკრიმინაციის დადგენა და მისი აღმოფხვრა. განცხადების წარდგენიდან 7 თვე გავიდა, თუმცა ლევან იოსელიანს საქმეზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს მაშინ, როდესაც საქმეთა განაწილების წესის მიხედვით, „საქმის შესწავლა უნდა დასრულდეს საქმის გადაცემიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა“. სახალხო დამცველი 25 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.