პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მორიგი ბრიფინგი გამართა. თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მას პოლიციელებმა სცემეს, თუმცა საგამოძიებო უწყებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. მთელი ეს ძალადობა, წაქცეულზე რომ მირტყამდნენ გაშმაგებით, ჩანდა კადრებში. ამ კადრების გამო იძულებული გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური... სახელი კი აქვთ რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას. გამოძიების არსი და შედეგი რა გვაქვს, რომ ამ ორი თვის განმავლობაში არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არცერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია.
უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი, კადრებშიც ჩანდა, როგორ მონდომებით მირტყამდნენ. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას.
ესენი სპეციალურად არ ატარებენ გამოძიებას. დაზარალებულად არ მცნობენ იმიტომ, რომ თუ დაზარალებულად ვიქნები ცნობილი, წვდომა უნდა მქონდეს ყველა მასალაზე, მეც და ჩემს ადვოკატსაც. არ უნდათ გაამხილონ იმ პოლიციელების ვინაობა.
რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ დღევანდელი „ქართული ოცნება“, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს. ესენია, ეს ქეციანი ზონდერები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან, ასისხლიანებენ, უკვე ნიღაბსაც არ იკეთებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ იძიებენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოძალადე პოლიციელები „ძალიან მკაცრად დაისჯებიან“.
სპეცრაზმი და პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციებზე სცემს „არაკაცებს“, რომელთა სიაც აქვს. ალექსანდრე ელისაშვილზე ფიზიკური ძალადობა 17 პარილს მოხდა, პარლამენტის კიდევ ერთ დეპუტატზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე კი - 30 აპრილს. 14 მაისს, შსს-ს თანამშრომლებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავასაც. ელისაშვილი ამბობდა, რომ რამდენიმე პოლიციელმა ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დავალებით შეითრია, რა დროსაც წაიქცა და დაგდებულს გამეტებით ურტყამდნენ, ხოლო ხაბეიშვილის თქმით, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება ზვიად ხარაზიშვილმა განახორციელა.