ფიცს ვდებ, თუ კანონს არ გაიწვევენ, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას - „ოცნების“ წევრი თელავიდან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს, არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ უღალატოს ქვეყანას და რუსული კანონი არ მიიღოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე, როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას.

თეთრი სახლი, ევროკავშირი, ევროპარლამენტი 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს და ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი უკან გაითხოვოს. თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“, ფრაქციას და თანამდებობას.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი. გთხოვთ ადამიანურად. როგორც „ქართული ოცნების“ ერთი დეპუტატი თელავის საკრებულოდან მოგმართავთ, გთხოვთ უმორჩილესად, ეს კანონი უკან გაიწვიოთ“, - განაცხადა დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რასაც დარბაზში მყოფთა ნაწილი ტაშით შეხვდა.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა და აცხადებს, რომ ვიდრე ის საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეზოლუცია შეაფასა როგორც „წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ“, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ მას „ჩალის ფასიც არ აქვს“.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.

17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, ყოველდღე იმართება. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).