PACE: ჩვენი მიგნებები აჩენს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი იგნებები, რომლებიც ეფუძნება წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღეს დაკვირვებებს, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრულ მოხსენებებს, წარმოშობს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ, კერძოდ, არჩევნების შედეგები ნამდვილად ასახავს თუ არა ამომრჩევლების ნებას.

გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები, საარჩევნო გარემო უზრუნველყოფდა თუ არა აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული, დაშინებისა და მეტისმეტი ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოჰყოფს საკითხებს, რომლებმაც „მნიშვნელოვნად შეარყიეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ეჭვქვეშ დააყენეს მისი შედეგების ლეგიტიმაცია“. კერძოდ:

  • საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა: საარჩევნო პროცესში ბოლო წუთებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და შესწორებებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია მის გამჭვირვალობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი იყო კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა იმ საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში, ადაც არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მივიდნენ. ამ საკითხმა შეარყია არჩევნების კეთილსინდისიერება, რადგან ხმის ფარულობის უფლება ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის მთავარი მახასიათებელია, როგორც ეს მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი პროტოკოლის მე-3 მუხლში და ხაზგასმულია ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო საკითხებში თავისი კარგი პრაქტიკის კოდექსში.
  • სახელმწიფო უწყებების პოლიტიზაცია: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად“ დასახელების შესახებ მიუღებელი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა გააჩინა კითხვები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და შეარყია ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ.
  • არათანაბარი სათამაშო მოედანი: არჩევნების სამართლიანობას არღვევდა პოლიტიკურ პარტიებს შორის არათანაბარი კონკურენციის პირობები, რაც აშკარა უპირატესობას ანიჭებდა მმართველ პარტიას. მმართველი პარტიის ინტერესებისთვის გამოიყენებოდა ადმინისტრაციული რესურსი, რამაც არათანაბარი სათამაშო მოედანი შექმნა. გარდა ამისა, მედიის უთანასწორო ხელმისაწვდომობამ და მედიის პოლარიზაციამ კიდევ უფრო გაართულა ინფორმაციის დაბალანსებული წარმოდგენა და გავრცელება, რაც ამომრჩევლებს ურთულებდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
  • დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატის სამიზნეები იყვენენ როგორც ამომრჩევლები, ასევე აქტივისტები, რაც ხელს უშლიდა ღია მონაწილეობას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების სტიგმატიზაციას. არჩევნების დღეს, როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ისე მის გარეთ დაშინებამ ამომრჩეველთა უსაფრთხოების გრძნობა შეარყია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები განიცდიდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას და შევიწროებას. განსაკუთრებით გავრცელებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად დაუცველებს შორის ამომრჩეველთა დაშინების, იძულების და არასათანადო ზეწოლის შესახებ ცნობები.
  • კონტროლირებადი გარემო: მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო უბნებზე კამერების დაყენებით შეიქმნა ატმოსფერო - „დიდი ძმა შენ გიყურებს“, რაც ხშირად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას. ამან ამომრჩევლებსა და აქტივისტებში გამოიწვია შეგრძნება, რომ მათ უთვალთვალებდნენ, რამაც ხელი შეუწყო ამომრჩეველთა პოტენციური კონტროლის გარემოს შექმნას და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დაქვეითებას.
  • დემოკრატიის უკუსვლა: ბოლოდროინდელმა კანონმდებლობამ, რომელიც ზღუდავს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებს, განსაკუთრებით არჩევნებამდე და მის დროს, გენდერული კვოტების შესახებ კანონის გაუქმებასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია 500 საერთაშორისო მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შედგებოდა. 26 ოქტომბერს, ისინი არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 2000-მდე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.