PACE-მ ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე „გადაუდებელი მოსაზრების“ მომზადება სთხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას მიმართა, გადაუდებლად მოამზადოს დასკვნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ 4 აპრილს გამოხატერს ღრმა შეშფოთება პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა წარდგენის გამო.

„ღრმა შეშფოთებას იწვევს ხელახალი შემოღება ამ ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონისა, რომლის უკან გაწვევას შარშან მივესალმეთ. ის, რაც ჩვენ ვთქვით ამ კანონის პირველად შემოღებისას, ძალაში რჩება: სერიოზული კითხვები ჩნდება კანონპროექტის ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ჰომოფობიური კანონის და გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილების შესწავლაც სთხოვა. PACE შეშფოთებულია შესაძლო შედეგებით, რაც ამ კანონებს შესაძლოა ჰქონდეთ ადამიანის უფლებებზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ „წარდგენილი სახით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან“. წერილში, რომელიც კომისარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 11 აპრილს გაუგზავნა, წერია, რომ ამ კანონის აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტს დღეს, 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველი პარტია აპირებს, ის სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევა შეუძლია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).