პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები არჩევნებს ძირს უთხრიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ და გამოვლენილ დარღვევებზე სასამართლოში დავობენ. პაპუაშვილმა ისინი არჩევნებისთვის ძირის გამოთხრასა და ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„თუ ზუსტად მახსოვს სტატისტიკა, დაახლოებით 68 საჩივარი არის შესული სასამართლოებში არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან 64 არის „ენჯეოების“ და 4 არის პარტიების, ისიც ერთი პარტიის, „ლელოს“ მიერ შეტანილი საჩივრებია და ეხება იმას, რომ სიებს ითხოვენ. ამიტომ, ესეც ცალკე პარადოქსია და ამასაც უნდა დავუკვირდეთ: როგორც აღმოჩნდა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, როდესაც არის საარჩევნო დავები, დავობენ საარჩევნო სუბიექტები (რადგან პარტიებს, მათ ხმებს ეხება, საბოლოო ჯამში), აღმოჩნდა, რომ ჩვენთან პარტიები, თურმე, საერთოდ არ მიმართავენ სასამართლოს და უცხო ქვეყნიდან 100%-იანი დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან დაკავებული ქართული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრით.

ესეც ხომ დასკვნის საშუალებას გვაძლევს იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე - ვხედავდით წინასაარჩევნოდ, რომ ეს მილიონერი „ენჯეოები“, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან, საქართველოში საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ და ახლა ვხედავთ, რომ სწორედ ეს მილიონერი „ენჯეოები“ არიან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი, რომლებიც ცდილობენ ჩაშალონ საქართველოს არჩევნები და ხმა წაართვან მილიონ 120 ათას ამომრჩეველს, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა და მათ შორის, ოპოზიციის ამომრჩევლებსაც წაართვან ხმა და შემდეგ მათი ნების შესაბამისად იყოს ხელისუფლებები შერჩეული. ესეც დასკვნაა, რომ ოპოზიცია არაფერს ასაჩივრებს - სულ ჰქონდათ 4 კინკილა საჩივარი სასამართლოში, საიდანაც აპელაციაში 3 წაიღეს. ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ დემოკრატიას ბრძოლა გამოუცხადა რამდენიმე უცხოური დაფინანსების მქონე მილიონერმა „ენჯეომ“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან.

შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაც დასდო ბრალი. მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, არამედ მათ დონორებს.

„ამას წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს, პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. აი, ახლა შეუძლია შვედეთის საელჩოს მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა, მოუწოდოს „გამჭვირვალობას“, ან უარყოს ეს დეზინფორმაცია, ან შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდეს და თავად უარყოს იგი, რადგან მათმა ფულმა და დაფინანსებამ გახადა შესაძლებელი, რომ ეს ტყუილი ვრცელდება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოთხი ბარიერგადალახული ოპოზოციური პარტია. ისინი დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევები, პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩევლების დაშინება და მათზე ზეწოლა, რამაც, მათი შეფასებით, „უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის ფარულობის დარღვევის გამო, 2263 ელექტრონული უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. 24 რაინული/საქალაქო სასამართლოდან ფარულობის დარღვევა მხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლომ დაადგინა და 30 საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

„ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოციათ აშშ-სა და ევროკავშირს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ არჩევნები „სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა“, რაც „გამოძიებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.