პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, 80 ხმით, გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. გაბიტაშვილი ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

„11 წელია გენერალური პროკურორის მოადგილე ვარ. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე.

 იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება“, - მიმართა გაბიტაშვილმა დეპუტატებს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაისში ირაკლი შოთაძემ თანამდებობა „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ მიზეზით, ვადაზე ადრე დატოვა. ივნისში, საპროკურორო საბჭომ გაბიტაშვილის კანდიდატურა 11 კანდიდატს შორის შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა. ოპოზიციის წევრები საპროკურორო საბჭოს მუშაობას „ფარსად“ აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ვინ გახდებოდა ახალი გენპროკურორი.

გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის სისტემაში მუშაობა 2007 წელს, სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც პროკურორად დაინიშნა. 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად დააწინაურეს, სადაც 2013 წლამდე საქმიანობდა. 2013 წლის 14 იანვრიდან, ხუთი თვის განმავლობაში, ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2013 წლის 13 ივნისს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ის ამ პოზიციას იკავებდა მაშინაც, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. 2023 წლის სექტემბერში აშშ-მა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, როგორც „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. დასანქცირებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).