საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი შოთაძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის თებერვალში ეწურებოდა, განმარტავს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია, ამ მიზნით, საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ, უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით“, - ამბობს ირაკლი შოთაძე. მისი განცხადება გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შოთაძის გადადგომა ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია. 

„ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება, დიდი ხანია ვამბობდი. გენერალურ პროკურორს არჩევნების მერე მალევე ვადა გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ პროკურატურისგან და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით“, - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად 2020 წლის 18 თებერვალს, 6 წლის ვადით აირჩია. 2015 - 2018 წლებში შოთაძე მთავარი პროკურორის, ხოლო 2013 - 2015 წლებში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს და ფარულად კენჭს უყრის მათ. საპროკურორო საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს პარლამენტს. გენერალური პროკურორის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატი) მხარდაჭერა. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).