საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების გიორგი კიკაბიძისა და გენადი ქვაჩახიას სარჩელი, რომლითაც ისინი პარლამენტში მედიის შემზღუდავი წესის კონსტიტუციურობაზე დავობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 2 კობახიძე შუქრუთელების პროტესტზე - ასეთი აქციები ხშირად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 საზღვარგართ მყოფი დევნილების ნაწილი არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს
- 6 რაც მოვისმინეთ, გაგვაოგნა - პრესის თავისუფლების მისია საქართველოში მედიის მდგომარეობაზე
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებას, რომლითაც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრძანება ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას.
„ფორმულას“ ჟურნალისტებს გიორგი კიკაბიძეს და გენადი ქვაჩახიას, 2023 წლის 11 მაისს, აკრედიტაცია სწორედ ამ წესის საფუძველზე შეუჩერეს. ჟურნალისტები ცდილობდნენ პარლამენტის ერთ-ერთი წევრისთვის შეკითხვა დაესვათ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ პოზიციის დასაფიქსირებლად. დეპუტატმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და ჟურნალისტებს ინტერვიუს შეწყვეტისაკენ მოუწოდა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, „ფორმულას“ ორივე ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში ერთი თვით მუშაობის უფლება აუკრძალეს..
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. კერძოდ, ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც, შესაძლოა, მმართველ პარტიას დისკომფორტს უქმნიდეს. „ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით, შესაძლოა, თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე“, - მიიჩნევს GDI, რომლის მხარდაჭერითაც საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა.
გიორგი კიკაბიძისა და გენადი ქვაჩახიას გარდა, პარლამენტმა ამ წესის საფუძველზე 2023 წელს არაერთ ჟურნალისტს შეუჩერა აკრედიტაცია, რომელთა კითხვების მოსმენა და პასუხის გაცემაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ სურდათ.
საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო GDI-ის მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი. პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით (საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ), პარლამენტის ვიზიტორს სასახლეში აეკრძალა ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე, სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის, პლაკატის, ბანერის, წარწერის გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. ამავე ბრძანებით, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შენობაში აიკრძალა ხმის გამაძლიერებელის და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. აკრძალვების მიზეზად პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა დასახელდა. GDI-ის შეფასებით, მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ბრძანება ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცა, მეორე ბრძანება კი, დემონსტრანტების ძალისხმევით რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ.