დეპუტატის უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ - პარლამენტში ჟურნალისტებს შეზღუდვებს უწესებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტში 1-ელი მარტიდან ამოქმედდება თავმჯდომარის ახალი ბრძანება, რომელიც ჟურნალისტებს შეზღუდვებს უწესებს. ბრძანების შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს დღეს გააცნო. ბრძანება ჟურნალისტებს ავალდებულებს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; ასევე, მათი თანხმობის გარეშე არ გადაიღოს დოკუმენტების, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრძანების თანახმად, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დადგენილი წესები დაარღვია, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. შეჩერებული აკრედიტაციის მქონე მედიასაშუალების ჟურნალისტს ეზღუდება ახალი აკრედიტაციის მიღება აკრედიტაციის შეჩერების საერთო ვადის გასვლამდე. დაუშვებელია, ჟურნალისტი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს.

„დღეს გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია იყო გარკვეული ხარვეზი, რომ არ გვქონდა აკრედიტაციის წესი. ამიტომ, ყოველ ჯერზე საჭირო იყო ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება და ე.წ. საპარლამენტო ჟურნალისტიკა ამ მხრივ არ არსებობდა. 

პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გააკეთა ანალიზი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის გამოცდილებით და ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა აკრედიტაციის წესი, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს: პირველი არის, ხელი შევუწყოთ მედიას იმისთვის, ყველაფერი, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გაშუქდეს, საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს და მეორე მხრივ, პარლამენტში უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო გარემო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ახალი ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანო ორი ტიპის აკრედიტაციას გასცემს - საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და ერთდღიანს იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში მუშაობა დროებით დასჭირდებათ.

„საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მიეცემა იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათ საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსითა და აკრედიტაციით შეეძლებათ შენობაში დაუბრკოლებლად შემოსვლა და მუშაობა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს ცალკეული სიუჟეტი მოსამზადებელი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც არ არის აკრედიტებული, მათ შორის, უცხოური მედია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც იმოქმედებს ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად, ვთქვათ, გარკვეული სიუჟეტის მოსამზადებლად თუ მასალის მოსაგროვებლად.

ეს წესებიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა პარლამენტშია. ამის გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი დაბრუნდება და აღიარებული იქნება, რაც თავისთავად მეტ პასუხისმგებლობასთან ერთად მეტ პრესტიჟსაც მატებს საპარლამენტო ჟურნალისტიკას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ეროვნულ მაუწყებლებს შესაძლებლობა ექნებათ აკრედიტაცია 7 გადამღები ჯგუფისთვის მიიღონ, სხვა ტელევიზიებს - მაქსიმუმ 3 აკრედიტებული ჯგუფი ეყოლებათ, გაზეთებს, ჟურნალებსა და რადიოებს 2 აკრედიტებული ჟურნალისტი, ონლაინგამოცემებს 4.

საპარლამენტო აკრედიტაციისთვის საინფორმაციო საშუალებებმა პარლამენტის აპარატს 20 თებერვლამდე უნდა მიმართონ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.