დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი, რომელსაც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, დღეს პლენარულ სესიაზე გავა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, შენობაში კვლავ არ შეუშვებენ ონლაინ და ბეჭდური მედიის, ასევე, რადიოს წარმომადგენლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
შალვა პაპუაშვილმა ამ საკითხზე კომეტარი გააკეთა ტელემედიის ჟურნალისტებთან, რომლებსაც მის მიერ შემოღებული აკრძალვა არ ეხებათ.
„პარლამენტის შენობაში მედიის ყოფნის და მუშაობის მიზანი არის პარლამენტის საქმიანობის გაშუქება იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა პროცესებია პარლამენტში, რა განიხილება, როგორ განიხილება და ა.შ. 340 ჟურნალისტია აკრედიტირებული საქართველოს პარლამენტში. აქედან 290 არის ტელემედიის, 17 ტელევიზიის წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ რეგულაციით, რომელიც დღესაც არსებობს, 17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში.
რაც შეეხება ონლაინ მედიას, ბიუროს სხდომა როცა იყო ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა - გაშალა პლაკატი. გუშინ, ზუსტად ამ ადამიანების, მედიის წარმომადგენლების შემოსვლის მიზანი იყო პროტესტის გამოხატვა. მათ კიდევაც ჰქონდათ გამზადებული პლაკატები. ნახეთ, რომ წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, ხვალ რომ მანაც დააფიქსიროს პროტესტი პარლამენტში, ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ სხვა ტელეკომპანიების - „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ - ყველა ჟურნალისტს უნდა აეკრძალოს შენობაში შესვლა, რაზეც პაპუაშვილის პასუხი იყო:
„რაოდენობა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისა არის სულ რამდენიმე ათეული, თუ რამდენიმე ჟურნალისტია საერთოდ და ნახეთ, რომ ყველა ჟურნალისტი აბსოლუტურად აქ შემოდიოდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატათ. ბოროტად სარგებლობაა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ, შედიხარ შენობაში, რომელმაც შემოგიშვა აკრედიტაციით იმისთვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელო და მოქალაქეებს უამბო, რა ხდება პარლამენტში და ამის ნაცვლად, შენ შენს მოქალაქეობრივ პოზიციებს აფიქსირებ. გუშინ ყველა ამ ჟურნალისტმა შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს სხვადასხვა პლაკატებით, შეძახილებით ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითაც დაადასტურეს უკვე მერამდენედ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. მათ არ აქვთ ჟურნალისტური საქმიანობის ინტერესი, მათ აქვთ ინტერესი პროცესის ჩაშლის“.
15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე, ონლაინ მედიის აკრედიტირებულ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვათ. მანამდე, ისინი საკანონმდებლო ორგანოში 8 აპრილს არ დაუშვეს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
„პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ. პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა გვიშვებდეს შიგნით და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ. ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით“, - განაცხადა 15 აპრილს, „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.
„მთის ამბების“ გარდა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვას ვერ ესწრებიან „ინტერპრესნიუსის“, რადიო თავისუფლების, სტუდია „მონიტორის“, „ნეტგაზეთის“, „პუბლიკას“ და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას ონლაინ მედიასაშუალებების მიმართ დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე და პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები შექმნას.