პოლიციამ, 7 მარტს, რუსული კანონების წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, 66 ადამიანი დააკავა. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ნაცემები არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დაკავების მომენტზე სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებულია ვიდეოები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ოქმში აღწერილი ფაქტები სრული სიცრუეა. დაკავების მომენტში ორივე პიროვნება არის ძალიან მძიმედ ნაცემი, სპეციალურად თავის არეში ნარტყამი აქვთ ხელკეტები“, - ამბობს პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი ვახო ბარაბაშვილი.
ის ასევე იცავს დაკავებული ნიკა მოსიაშვილის ინტერესებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენ გაზს კი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად უშვებდა. დაშავდა არაერთი ადამიანი. ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქცია რამდენჯერმე დაიშალა, ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევდნენ და აკავებდნენ, დაკავების დროს კი ძალადობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებითაც დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
სამინისტრო აცხადებს, რომ შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა მათი 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის, რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.
„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.