საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია გამოდის ინიციატივით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს და მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პირდაპირი წესით ისევ საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა თქვა, რომ ეს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, „ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემის“ შესახებ.
„ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების“ ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე - მესამედ. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე „ოცნების" ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის - საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და აღნიშნა ისიც, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ დააბრუნა.
ბიძინა ივანიშვილმა, 30 დეკემბერს, როცა მან პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა, თქვა, რომ „ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“.
საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი შეიცვალა 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით და ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების შემდეგ. ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურება. ახალ პრეზიდენტს კი 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 ხმოსანი შედის, მათ შორის, პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, განსაზღვრული კვოტების მიხედვით.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება არანაკლებ 30 ხმოსანს აქვს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.