თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მან გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
კუჭუაშვილს, რომელიც ცხრა თვის წინ, 2024 წლის მაისში დააკავეს, ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა. საქმის მასალების მიხედვით, მან 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თვალის არეში დაზიანება მიიღო.
„ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად. შესაბამისად, სასამართლოში ვსვამდით იმ საკითხს, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია არ ასახავდა და არ შეესაბამებოდა გიორგი კუჭუაშვილის მოქმედებას“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
გიორგი კუჭუაშვილი ბოთლის სროლის ფაქტს არ უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ მისი მიზანი და განზრახვა პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა.
„გიორგის უბრალოდ სურდა, რომ ემოქმედა იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ ათავისუფლებდნენ ტერიტორიას. ეს არის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. თავდასხმა აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობაა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება დავით კოლდარს, ის სხვისი ნივთის დაზიანებაში იყო ბრალდებული. პროკურატურის მტკიცებით, კოლდარი 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია.
გუშინ, 3 თებერვალს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს.
უფრო ადრე, 20 იანვარს, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს. პროკურატურა მას მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია.
გამამტყუენებელი განაჩენი დადგა პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილს და 23 წლის საბა მეფარიშვილს საქმეზეც. თითქმის 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 20 იანვარს მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალის აღიარების შემდეგ ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის კანონით, სასჯელი 1/6-ით შეუმცირდათ და საბოლოო სასჯელად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ. აქედან 18 თვეს ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა პროცესები და განაჩენის გამოცხადება განზრახ ჭიანურდებოდა, რათა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მათი შეწყალება ვერ მოესწრო.
