ფერმერებს ვერ დავეთანხმები, რომ ხორბალს ვერ აბარებენ, როგორ შეიძლება ვერ ჩააბარო?! - შამუგია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ ხორბლის მწარმოებლებმა გასულ წელს აღებული მოსავალი დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით უნდა გაყიდონ, „სხვანაირად ძალიან რთული იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მწარმოებლები ამბობენ, რომ 2022 წელს, მთავრობის მოწოდებით, სესხი აიღეს და ხორბალი დიდ ფართობებზე დათესეს, თუმცა მის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ. 40-50 ათასი ტონა ხორბალი საწყობებში რჩება და ფუჭდება.

„ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ დიდ მწარმოებლებს ჰქონდათ ძალიან დიდი მოსავალი, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამის შედეგად, ჩვენ წინა კვირას ვნახეთ, რომ შემცირდა პურის ფასი ქვეყანაში, რაც ჩვენთვის პირველი და უმნიშვნელოვანესია.

იმ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომლის, ასე ვთქვათ, ჩაბარება უწევთ დღეს, მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ისინი ვერსად ვერ აბარებენ. ეს ასე არ არის და ვერ იქნება. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო?! აქ საუბარია ფასზე და საუბარია, რომ მათთვის დღეს არსებული ფასი არ არის მისაღები.

ჩვენ ამ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. მე ხვალაც მექნება მათთან შეხვედრა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ერთი მხრივ, ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება, პირიქით, პურის ფასის შემცირების დინამიკა შევინარჩუნოთ, ხოლო, ამავდროულად ფერმერებს მივცეთ საშუალება, რომ მათი პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს და სხვანაირად ძალიან რთული იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მზად ვართ, რომ უკვე შემოდგომაზე, წარმოების ნაწილში უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ, რათა უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ და შეამცირონ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება“, - განაცხადა შამუგიამ პარლამენტში, სადაც დღეს მინისტრის საათის ფორმატში გამოვიდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ხორბლის წარმოება 60%-ით გაიზარდა და 2022 წელს 157 ათასი ტონა შეადგინა:

„ჩვენი მოლოდინებით, წლევანდელი, 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს სწორედ იმ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ - 4000-ზე მეტ ფერმერს დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ გამოეყენებინათ ეს იაფი ფინანსური რესურსი მეტ ფართობებზე დასათესად. შარშანვე დაახლოებით 6000 ჰექტრით გაიზარდა ხორბლის ნათესი ფართობი ქვეყანაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. რამდენიმე წლის წინ 2 ტონაზე დაბალი იყო საშუალო მოსავლიანობა, როცა შარშან დაახლოებით 3 ტონა იყო ჰექტარზე ხორბლის საშუალო მოსავლიანობა. ამ ნაწილში უნდა შევუწყოთ ხელი, დიახაც, რომ ჰექტარზე 2-3 კი არა, 5-6 ტონა მოიყვანონ და ჰქონდეთ მეტი წვდომა ფინანსურ რესურსზე, ხარისხიან სათესლე მასალაზე და ამ კუთხით საშუალება მივცეთ მათ, რომ შეამცირონ თვითღირებულება წარმოებული პროდუქციის და მისი რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ“.

წისქვილები ხორბლის მწარმოებლებს 1 კილოგრამ ხორბალში დაახლოებით 50-55 თეთრს სთავაზობენ, რაც თვითღირებულებაზე თითქმის 50%-ით ნაკლებია. რუსეთში წარმოებული დიდი რაოდენობით ფქვილის იმპორტის გამო წისქვილკომბინატები თვეების წინ გაჩერდნენ, გარდა ამისა, მთავრობას ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა ჰქონდა დაწესებული. ფერმერები აცხადებენ, რომ ხორბლის 55 თეთრად ჩაბარების შემთხვევაში, გაკოტრდებიან, ვერ შეძლებენ ვერც მოსავლის მოსაყვანად შარშან აღებული სესხების დაფარვას და ვერც ხორბლის დათესვას. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა მოთხოვნით, ან რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადი დაწესებულიყო, ან ხორბლის მარაგების თვითღირებულებით გასაყიდად, სახელმწიფოს 1 კილოგრამი ხორბალი 20-25 თეთრით დაესუბსიდირებინა.

იანვარ-თებერვალში ხორბლის იმპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. საქართველოში რუსეთიდან 8 055 100 აშშ დოლარის ღირებულების 25 093.2 ტონა ფქვილი, 10 119 200 დოლარის ღირებულების 32 014.5 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).