ქართველი ფერმერები გასულ წელს აღებული ხორბლის გაყიდვას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ და დასაწყობებული მოსავალი უკვე უფუჭდებათ. დიდი რაოდენობით რუსული ფქვილის იმპორტის გამო, წისქვილკომბინატების უდიდესი ნაწილი გაჩერებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, საქართველოში შარშან დაახლოებით 150 000 ტონა ხორბალი აიღეს, რაც შიდა მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 15%-ია. ამის მიუხედავად, ფერმერები ხორბალს ვერ ყიდიან და 40-50 ათასი ტონა ამ დრომდე დასაწყობებული აქვთ.
„შარშან თხოვნა იყო სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან, რომ მთლიან ფართობებზე, შეძლებისდაგვარად ხორბალი დაგვეთესა იმიტომ, რომ ომის პერიოდში ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა დადგა. სახელმწიფომ 100 000 ლარამდე იაფი სესხიც გამოყო, რომ ხორბალი დაგვეთესა. ყველაფერი გავაკეთეთ, ფერმერებმა დათესეს დიდ ფართობებზე, რაც ახლა, ივნისში უნდა ავიღოთ. რა გამოვიდა? სესხს ვერ ვიხდით, რომელიც დასაწყობებული მოსავლით უნდა გადაგვეხადა, ფერმერებს ჯარიმები უგროვდებათ. ტექნიკის მეპატრონეებს, ვინც სახელმწიფოს დახმარებით ტრაქტორები, კომბაინები გამოიყვანეს, ასევე პრობლემები შეექმნათ.
გაზაფხულია და ტილი გაუჩნდა მოსავალს, რაც ფერმერისთვის დამატებითი ხარჯია. მოსავალი ფუჭდება. გარდა ამისა, ახალი მოსავალი ორ თვეში უნდა ავიღოთ. ეს საწყობები თუ არ დაიცალა, ფერმერები კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იმიტომ, რომ არ იქნება ადგილი, სადაც მოსავალს დააბინავებენ“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
რუსეთიდან შემოტანილი ერთი ტომარა ფქვილის ფასი დღეს, შარშან არსებული 80 ლარიდან, 50-55 ლარამდეა შემცირებული. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, წისქვილკომბინატები გაჩერდნენ და ადგილობრივ ხორბალს აღარ ყიდულობენ, რადგან რუსეთში წარმოებული ფქვილის ფასს კონკურენციას ვერ უწევენ.
„ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. ფქვილი შემოდის და არა ხორბალი, რადგან რუსეთს ხორბალზე მცურავი საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული. თავის წისქვილკომბინატებს ამუშავებს და მზა პროდუქცია გააქვს იმპორტზე. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ საპირწონედ, საქართველომ ფქვილს დაუწესოს ბაჟი, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს ფქვილი და ხორბალი. შემდგომ უკვე დისტრიბუტორები გადაწყვეტენ, ხორბალი შემოიტანონ თუ ფქვილი. თუ ხორბალს შემოიტანენ, მას მიჰყვება ჩვენი ადგილობრივი ხორბალიც და იქნება რეალიზებული. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ, რომ რამდენიმე თვე არ შემოვიდეს იმპორტირებული ხორბალი, რომ ჩვენი ადგილობრივი გაიყიდოს და ფერმერი იყოს დაცული, ჰქონდეს გარანტია, რომ ისედაც დეფიციტურ პროდუქციას რომ მოიყვანს, მის გაყიდვას შეძლებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მისივე თქმით, მარცვლეულის მწარმოებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. „ვფიქრობ, რომ ამას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება სჭირდება. აქ საუბარია ათასობით ადამიანზე, ათასობით ოჯახზე“, - აღნიშნა ბენიაიძემ.
ფერმერებს ხორბალი ვერც ექსპორტზე გააქვთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 28 ივნისის განკარგულებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, 2023 წლის პირველ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის ექსპორტი აკრძალულია.
ხორბლის ან ხორბალ ჭვავის ფქვილი რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორისაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, რუსეთიდან 8 055 100 აშშ დოლარის ღირებულების 25 093.2 ტონა ფქვილი შემოვიტანეთ. გარდა ამისა, იმპორტირებულია 10 119 200 დოლარის ღირებულების 32 014.5 ტონა ხორბალი და მესლინი. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის რაოდენობა გაზრდილია.