ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) რიგით 31-ე წევრი გახდა. ამით რუსეთის ფედერაციასთან თავდაცვითი ალიანსის საერთო საზღვარი გაორმაგდა და 2600 კილომეტრს მიაღწია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მივესალმებით ფინეთს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში“, - განაცხადა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გადასცა.
იენს სტოლტენბერგმა და ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ NATO-ს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშა აღმართეს.
„დიდი სიამაყით მივესალმები ფინეთს ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვან წევრად და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მივესალმო შვედეთს, რაც შეიძლება მალე. NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისთვის, კარგია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კარგია მთლიანად NATO-სთვის. ფინეთს ჰყავს მნიშვნელოვანი და მაღალუნარიანი შეიარაღებული ძალები, აქვს ექსპერტიზა ეროვნულ მედეგობაში და NATO-ს მოკავშირეებთან გვერდიგვერდ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ასეთ დროს მეგობრები და მოკავშირეები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ოდესმე და ახლა ფინეთს ჰყავს ყველაზე ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები მსოფლიოში. პრეზიდენტ პუტინს უნდოდა, მიეჯახუნებინა NATO-ს კარი. დღეს ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ მან მარცხი განიცადა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. მან ნაკლები NATO-ს ნაცვლად, საწინააღმდეგოს მაღწია: უფრო მეტ NATO-ს და ჩვენი კარი ღია რჩება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან 1300 კილომეტრამდე სიგრძის სახმელეთო საზღვარი აქვს და მრავალი ათწლეულის განმავლობაში თავს იკავებდა NATO-ში გაწევრიანებისგან, ალიანსში შესვლის გადაწყვეტილება 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. გაწევრიანების განაცხადი შვედეთმაც წარადგინა, თუმცა თურქეთის წინააღმდეგობის გამო, წევრი ჯერ ვერ გახდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი, ფინეთის NATO-ში შესვლის საპასუხოდ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის.
„გავაძლიერებთ ჩვენს სამხედრო პოტენციალს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. NATO-ს სხვა წევრების ძალებისა და საშუალებების ფინეთის ტერიტორიაზე განლაგების შემთხვევაში, დამატებით ზომებს მივიღებთ რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გრუშკომ.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის გაწევრებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ფინეთს მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ისტორია დაიწერა. „ეს ძლიერი წახალისებაა და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.