„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ (IBP) გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის მიერ, 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ყოველ წელს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება, რომელთა საქმიანობა და ფინანსები გაუმჭვირვალეა. „მეორე მხრივ, ყოველდღიურად ეს არასამთავრობოები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც თავისთავად კარგია და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ხელისუფლებად ითვლება მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის, თუნდაც იგივე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველი მსოფლიოში. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - თქვა ღარიბაშვილმა.
„ღია ბიუჯეტის კვლევის“ თანახმად, 2021 წელს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის გამჭვირვალობის ნაწილში 100-დან 87 ქულა ჰქონდა და 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე იყო. 73 ქულით მას რუსეთი და 63 ქულით ყაზახეთი მოსდევდა. „ღია ბიუჯეტის კვლევის“ ფარგლებში იმის განსაზღვრაც ხდება, თუ რამდენად სთავაზობს მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობას. ამ კუთხით საქართველოს 44 ქულა ჰქონდა. კვლევა ასევე ადგენს, თუ რამდენად შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს და უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება. აქ საქართველოს ქულა 74 იყო.
IBP გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტის ღიაობის კვლევის შედეგებს არასწორად განმარტავს. საერთაშორისო ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ დაარბია ათასობით ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის შემზღუდველ კანონპროექტს მშვიდობიანი გზით აპროტესტებდნენ.
„მადლობელი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა კანონპროექტზე მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხმა ფართოდ დაგმო ის. ამის მიუხედავად, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონის გასამართლებლად არასწორად განმარტავს ქვეყნის ადგილს ღია ბიუჯეტის კვლევაში. გვსურს განვმარტოთ, რას ზომავს ეს კვლევა და რას არ ზომავს ის. ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საზოგადოების მონაწილეობას მთავრობის საბიუჯეტო პროცესებში.
საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობა დროულად და სრულად აქვეყნებს ინფორმაციას მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საზოგადოებასთან საბიუჯეტო პროცესის გარეთ. მართლაც, დამოუკიდებელმა შეფასებებმა აჩვენა მზარდი მაღალი დონის კორუფციის შემაშფოთებელი ნიშნები.
ღია ბიუჯეტის კვლევის ჩასატარებლად IBP ასზე მეტ ქვეყანაში დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობს. კვლევის შედეგების სანდოობა და სიზუსტე შესაძლებელია დამოუკიდებელი, ექსპერტული სამოქალაქო საზოგადობის ორგანიზაციების არსებობით. ნებისმიერი ძალისხმევა, რაც ზღუდავს სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობას, იმოქმედონ თავისუფლად და დამოუკიდებლად, ზღუდავს IBP-ის უნარს, მოამზადოს კვლევა.
ჩვენ არ მივიღებთ საქართველოს მთავრობის მიერ ღია ბიუჯეტის რეიტინგის გამოყენებას დრაკონული კანონის გასამართლებლად, რომელიც გამჭვირვალობის საბაბით ზღუდავს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას.
ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრტატიული საზოგადოებების არსებითი წინაპირობაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, რომელიც უფრო დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფის“, - აღნიშნავს IBP.
საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დაირქვეს, ინიცირებული ჰქონდათ ორი კანონპროექტი, რომელიც „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილებას, ხოლო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონპროექტი კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც ითვალისწინებდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაარბია. დარბევისას მიღებული დაზიანების შედეგად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ხალხის პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონებზე უარი ეთქვა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდეს, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტი კი პარლამენტიდან გაიწვიეს.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და მათი ხმის ჩასახშობად გამოიყენება.