საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა. როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
მოგვიანებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კობახიძის ეს განცხადება ხუმრობა იყო.
„მარტივად რომ ავხსნათ ძალიან, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება იყო გაკეთებული და სოციალური ქსელები ჩამოიქცა, სერიოზული კომენტარები აკეთეს.
ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუნდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია, აღქმა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა. სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, ვიდრე არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. როცა ნახეს, კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსი იშვიათად მახსენდება”, - აღნიშნა მდინარაძემ.
პარლამენტმა, 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია ან გაშალონ კარავი, თუ
- მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
სამართალდარღვევა გამოიწვევს კონსტრუქციის, კარვის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონში ცვლილებების შეტანას ხმა მისცა 74-მა დეპუტატმა, 22 წინააღმდეგი იყო.
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტმა კანონი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უნდა დაუბრუნოს. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობას, სულ მცირე 76 დეპუტატს შეუძლია.
საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, ცვლილებებით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.