საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია ან გაშალონ კარავი, თუ
- მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევა გამოიწვევს კონსტრუქციის, კარვის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2023 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. მათ შორის, დაგეგმილია ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. „ამასთან, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასახული საფრთხეების აღკვეთას ემსახურება.
„პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ-დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება“, - აღნიშნა კობახიძემ.
კანონში შესატან ცვლილებებს უკვე დაუჭირეს მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება შეკრების თავისუფლების დარღვევისა და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიის ახალი იარაღი.
„კანონპროექტის მიღებით გაიზრდება დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებაში ხელისუფლების მიერ თვითნებურად ჩარევის საფრთხე. წარსულში დაფიქსირებულა არაერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს უკანონოდ არ მისცეს კარვების გამართვის შესაძლებლობა.
კანონის გამკაცრება რეალურად ემსახურება არა რაიმე საჯარო ინტერესს, არამედ ქმნის აქციის მონაწილეთა დასჯის დამატებით ბერკეტს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელმძღვანელი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა.
კანონმდებლობა ისედაც უშვებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დასაცავად და ადმინისტრაციული ორგანოს შეუფერხებლად საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას მიერ წარმოებულ საქმეზე განმარტა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“.