პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ხელს არ უწყობს რეკომენდაციების შესრულებას - ელჩი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უდროო და არახელშემწყობი უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ელჩის თქმით, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანაც, ზუსტად მაშინ ხდება, როცა ევროკომისიამ გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვნახავთ, როგორ დასრულდება. მაგრამ ნათელია, როცა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება, ეს პროცესი დეპოლარიზაციისთვის არახელშემწყობი და უდროოა, რაც ნათლად გამოხატა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა, როდესაც თბილისში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის წინ.

ახლა საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია. ამ საკითხზე ცოტა რამ შემიძლია გითხრათ. ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუ მეკითხებით, ეს ეხმარება თუ არა დეპოლარიზაციას, ნათლად - არა“, - განაცხადა ელჩმა.

მანვე თქვა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს.

„ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი აცხადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან.

ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა.

პარლამენტის წევრებმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა, მამუკა მდინარაძემ და სხვებმა (სულ 80 დეპუტატი) პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართეს. მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მაინც დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა და კონსტიტუციის თანახმად, დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს. ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.