„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე“,- განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ამოცანები მკაფიოდ არის გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში, ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები.
მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი“,- განაცხადა ბორელმა.
პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ მხარდაჭერას, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი და მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული.
ასევე უნდა ვთქვა, რომ ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულებები და უნდა ევროკავშირის წევრობა. ამ მიმართულებით ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი.
გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს. თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში.
ჩემი შემდეგი გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენი ურთიერთობა ყველაზე ძლიერია. გავაგრძელებთ საქართველოსთან დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვებით, ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენლები რეგიონში, მონიტორინგის მისია, რომელიც ქვეყანაში 15 წელია მუშაობს“, – განაცხადა ბორელმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია.
„დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად ჩვენ ვმუშაობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას.
რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მინდა, გითხრათ, რომ
ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს.
ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. „საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტი-ევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის.
„ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის - ხალხის და ხელისუფლების მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.