საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებას, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 4 აპრილს, 85 ხმით, 22-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ.
ცვლილებების ინიციატორები არიან პარტია „გირჩის“ წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის და ქალები და მამაკაცები უფლებრივად გათანაბრდებიან. „პრივილეგიების გაუქმება როგორ შეიძლება იყოს ქალების წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კრიტიკის პასუხად.
ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონშიც. კერძოდ, უქმდება ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
პრეზიდენტის ვეტო განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე გავა. „ქართულ ოცნებას“ და „გირჩს“ ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვთ. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მმართველი პარტიის ინტერესია, საარჩევნო სიაში ადგილი იპოვოს „ადგილობრივი ფეოდალი კაცებისთვის“.
2020 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი იყვნენ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეედგინათ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ყოფილიყო ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხებოდა მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი.
გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო. 2023 წლის ბოლოს ევროკომისიამ ის შესრულებულად ჩათვალა.
