პროკურატურას ვურჩევდი, პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © Giorgi Arjevanidze / AFP

„თურმე, პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ისე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბიშვილის თქმით, კიდევ უფრო უცნაურია ის ფაქტი, რომ პროკურატურამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის შემდეგ დაიწყო და პრეზიდენტს მტკიცებულებების წარდგენას ცესკოს „წუხილის საფუძველზე“ სთხოვს.  

„თურმე, ცესკო შეწუხებულია, მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. რატომ დისკრედიტაცია, არ ვიცი. ეს არის ფაქტები. ფაქტები ყველამ იცის.

საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა იმ დღეს და ყველამ შეამჩნია. პრაქტიკულად, მოქალაქეები, არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში - სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები. უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე.

ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადგილი ჰქონდა მრავალაფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა აქამდე ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. 

ეს ჩამოთვალა ახლა სწორედ ჟოზეფ ბორელმა. ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ახლახან სწორედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზედაც საიას ჰქონდა შეტანილი წინასწარ უკვე შენიშვნა არჩევნებამდე და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა. ალბათ, ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის.

ასევე, არის ძალიან სერიოზული დარღვევები, უსერიოზულესი - დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება. როცა 1 000 000-ზე მეტი გვყავს ემიგრანტი, როცა მათ უარი უთხრეს უბნების გახსნაზე. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის.

ხალხის წინაშე ხართ, მე ახლა პროკურატურას მივმართავ, ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებას.

არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაცა აშკარა პროცედურები რაც, არ ვიცი, რა დავარქვა ამას, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ - არა.  

ცესკოში დღეს, ამ დღემდე შეტანილი არის 1100-ზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა უშუალოდ შედეგების გაბათილება 246 უბანს, ამ ეტაპზე, სადღაც 400 000 ამომრჩეველს ეხება. ესე იგი, პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. და ყველაზე მთავარი - ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2203 უბნის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი დადგეს.

ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ გამოჩნდეს ბოლოსდაბოლოს, თუ შეუძლია პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვებს, ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რათა ფრუსტრაციას „დაემატოს რაღაც დაძაბულობა, რაღაც შიშები“.

„მადლობელი ვარ, რადგან მივიღე ძალიან ბევრი მესიჯი დღეს, რომ „ნუ გეშინია“. არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელიც პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო, რაც „საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“. მეორე დღესვე პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოკითხვაზე პრეზიდენტი დაიბარა. გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.