საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყების საფუძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვა გახდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით არის აღძრული, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადეს გენპროკურატურაში.
ცესკომ პროკურატურას გუშინ, 29 ოქტომბერს მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებები დაუსაბუთებელია და ისინი „უსაფუძვლო ბრალდებებით“ ცესკოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას ცდილობენ.
„ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო. იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამი იყო ცესკოს მიმართვაში.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10%), „ძლიერი საქართველო“ (8.8%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.7%). მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა. 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გააჟღერეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, გამოყენებული იქნა „გაყალბების ყველა ცნობილი რესურსი“, მათ შორის ახალი ტექნოლოგიები.
