ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მასობრივი საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის ფონზე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის შესახებ კანონმდებლობის განხილვა შეჩერდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეროვნული პასუხისმგებლობიდან, ხალხში განხეთქილების თავიდან აცილების სურვილიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, შევაჩერო კანონის მეორე და მესამე მოსმენა, რათა მივცე დრო, ფართო კონსენსუსის მისაღებად. როდესაც არის შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიღებ ტაიმაუტს დიალოგისთვის, ვაძლევ რეალურ შესაძლებლობას რეალური დიალოგისთვის. ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ საჭიროა აუცილებელი შესწორებების შეტანა სამართლებრივ სისტემაში და ჩვენ გვეძლევა საშუალება, მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს. ეს ძალიან ღირსეული მიზანია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კანონპროექტის მოსმენა სავარაუდოდ აპრილის ბოლოს განახლდება, როცა ქნესეთი საზაფხულო სესიაზე შეიკრიბება.
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, რომელიც მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებდა, გონს მოსულიყვნენ და კანონის მიღების პროცესი დაუყოვნებლივ შეეჩერებინათ, თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, ახლა გულწრფელი, სერიოზული და გონივრული საუბრის დროა, რაც მალე შეამცირებს დაძაბულობას და ცეცხლის ალს დააცხრობს.
ისრაელის მოქალაქეები უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ მთავრობის გეგმებს, შეზღუდოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებები. პროტესტი განსაკუთრებით კვირას გამწვავდა, რასაც წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება. 25 მარტს მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დაგეგმილი რეფორმა სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შემდეგ ნეთანიაჰუმ ის თავისთან დაიბარა და გადაყენების შესახებ პირადად აცნობა.
ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა არაერთ ქალაქში, მათ შორის, იერუსალიმში, თელ-ავივში, ჰაიფასა და ბეერ-შევაში. საპროტესტო აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით აქციებში დაახლოებით 630 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 300 000 თელ-ავივში შეიკრიბა. პოლიციამ და ჯარმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
27 მარტს, პროტესტის ნიშნად, ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა გამოცხადდა, რომელსაც ტრანსპორტის, მედიცინის და საბანკო სფეროებში დასაქმებული ადამიანები, ასევე საჯარო მოხელეები და კერძო კომპანიები შეუერთდნენ. მუშაობა შეწყვიტეს ისრაელის საელჩოებმა მთელ მსოფლიოში.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლებისთვის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და კონტროლის შესაძლებლობის ჩამორთმევას. უზენაეს სასამართლოს დღეს პარლამენტის გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, თუ მიიჩნევს, რომ ის კანონთან შეუსაბამოა, საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობას (ქნესეთის 120-დან 61 წევრს) უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი ვეტოს დაძლევა შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, კანონებს დაბრკოლების გარეშე მიიღებს ან გააუქმებს.
20 თებერვალს ისრაელის ქნესეთმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.