საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატი გააკეთა, რაზეც სწრაფი რეაგირება იქნება და ძალიან მკაცრი შედეგები მოჰყვება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„წამლების ფასი, რომელიც გამოწვევა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, 60%-დან 80%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ.
აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს - კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთეს, რაც, რა თქმა უნდა, არ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ, 23 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფთიაქებმა - „ავერსი ფარმამ“, „ფარმადეპომ“, „ჯიპისიმ“, შპს „მერმისმა“ და „PSP ფარმამ“ არაერთ ონკოლოგიურ მედიკამენტზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს და პროგრამისთვის, იდენტური ფასები დააწესეს.
სამინისტრომ გამოაქვეყნა ონკოლოგიური მედიკამენტების დასახელებები და თებერვალსა და მარტში ფასებს შორის სხვაობა:
- აფინიტორი (PSP ფარმა) - ფასი თებერვალში 753 ლარი, მარტში - 2970 ლარი (ფასთა შორის სხვაობა 294%);
- კასოდექსი (PSP ფარმა) - ფასი თებერვალში 35₾, მარტში - 94₾. სხვაობა 167%;
- ვოტრიენტი (PSP ფარმა) - ფასი თებერვალში 585 ლარი, მარტში - 1530 ლარი (სხვაობა 162%);
- იქსგევა (შპს „მერმისი“) - ფასი თებერვალში 400 ლარი, მარტში - 840 ლარი (სხვაობა - 110%);
- ტაფინლარი (PSP ფარმა) - ფასი თებერვალში 2142 ლარი, მარტში - 3960 ლარი (სხვაობა 85%);
- ტემოზოლომიდი აკორდი (გეფა - „ფარმადეპო“, „ჯიპისი“) - ფასი თებერვალში 109 ლარი, მარტში - 201 ლარი (სხვაობა 85%);
- ჯაკავი („ავერსი ფარმა“) - ფასი თებერვალში 2464 ლარი, მარტში - 3920 ლარი (სხვაობა 59%).
სამინისტრო მიიჩნევს, რომ ბაზრის მოთამაშეები ონკოლოგიური პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ, რის გამოც უწყება საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გააკრიტიკა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ, რომლის განცხადებითაც უსაფუძვლო ბრალდებები აფთიაქებში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის კონფლიქტს აღვივებს.
ასოციაციამ ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების ზრდა ასე განმარტა:
„პრეპარატებზე ფასების შემცირება დაიწყო 2022 წლის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ამა წლის თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მაღალი დონიდან გამომდინარე, 2022 წლის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ბევრი პრეპარატი იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე. 2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იყო და მოხდა შესაბამისი გადაფასება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიდაც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში“.
ასოციაცია აცხადებს, რომ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ფასის გაძვირებას ედავებიან, კონკრეტული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია 15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება.
„თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში. გაურკვეველია რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა. მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არა აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან, მიზანმიმართულად, სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.