მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების თაობაზე. დღესვე, სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვასილ მალიუკთან მიმართებაშიც.
ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალდებულების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთში დაკავების მომენტიდან აითვლება.
ალექსანდრე ინასარიძეს ბრალი ედება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით - ტერორისტული აქტი, ფეთქებადი ნივთიერების ან მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, გაყიდვა, შენახვა, ტრანსპორტირება, გადაგზავნა ან ტარება და ფეთქებადი ნივთიერების კონტრაბანდა.
2022 წლის 8 ოქტომბერს, გამთენიისას, ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რასაც, რუსული მხარის ინფორმაციით, მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გეკსოგენის ბაზაზე დამზადებული 21 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებისგან შედგებოდა, ტვირთში იყო დამალული. სატვირთოს რუსეთის მოქალაქე მახირ იუსუბოვი მართავდა. საქმის მასალების მიხედვით, ის დაგეგმილი დანაშაულის შესახებ ინფორმირებული არ იყო და აფეთქება დისტანციურად განხორციელდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურის („ეფესბე“) თანამშრომლებმა 8 ადამიანი დააკავეს, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო 3 უკრაინის და სომხეთის. „ეფესბეს“ თანახმად, აფეთქების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და „ბროკერი ლევანიც“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანას „ამ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს“.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბოროტმოქმედებმა საზღვარგარეთ შეიძინეს ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდი პარტია, რომელიც 2022 წლის ივლისში უკრაინაში, ოდესის პორტში მიიტანეს, სადაც ისინი სამშენებლო პოლიეთილენის ფირის რულონებში შეფუთეს. ტვირთის 22.7 ტონა იყო და მისი ძირითადი ნაწილი ასაფეთქებელზე მოდიოდა. საქმის მასალების მიხედვით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაიგზავნა, საიდანაც ჯერ საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში ჩავიდა. ტვირთი ერევნის „ტრანსალიანის“ ტერმინალში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესების შესაბამისად განაბაჟეს, რა დროსაც დოკუმენტების ნაწილი შეიცვალა. 4 ოქტომბერს ტვირთი საქართველო-რუსეთის საზღვრზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით, DAF-ის სატვირთო ავტომანქანით გადაიტანეს და ორი დღეში კრასნოდარის მხარეში, არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს, მოათავსეს რუსულნომრებიან სატვირთო მანქანაში, რომელსაც მახირ იუსუბოვი მართავდა. სატვირთო ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში მიდიოდა. დილის 6:07 საათზე მანქანა აფეთქდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდა, რის შემდეგაც „ეფესბემ“ ტერაქტის ორგანიზატორად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დაასახელა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო. 2023 წლის აგვისტოში სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის შემუშავებასა და განხორციელებაში“, ორ სანდო თანამშრომელთან ერთად, პირადად იყო ჩართული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეზე გამოძიება 2024 წლის თებერვალში დაასრულა და განაცხადა, რომ დანაშაულში 13 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 8 დაკავებულია, დანარჩენები კი იძებნებიან. რუსეთში მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.