ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრების მიხეილ დაუშვილისა და ანა ბუჩუკურის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი კომპანიას განზრახ მართავს არაეფექტიანად და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგეგებს, დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და გაფლანგვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„კომპანია 2009-2016 წლებში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითიც ზესტაფონისა და ჭიათურის მოსახლეობას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამასთან, უკიდურესად დააბინძურა გარემო და საბოლოო ჯამში, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 416 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2012-2016 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციები საკმარისი ვერ აღმოჩნდა და კომპანიის თავდაპირველი მმართველები აგრძელებდნენ გარემოს დაბინძურებას, კანონმდებლობის დარღვევას, რითაც აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი, რომლის ვალდებულება იყო, გამოესწორებინა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დაცული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები“, - თქვა პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი, დამატებით 2 წლით.
„სახელმწიფოს მიერ დანიშნული პირი რეალურად კომპანიას მართავს თითქმის 7 წელი და სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება.
ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება განზრახ არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ, რამდენიმე კერძო პირის მიერ, პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ასევე, იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები.
ეს ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძება“, - განაცხადეს დეპუტატებმა.
გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ნიკოლოზ ჩიქოვანს, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა, უფლებამოსილების ვადა მეორედ, სწორედ გახარიას პრემიერ-მინისტრობისას, 2020 წელს გაუგრძელეს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 16430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2006 წლის 19 დეკემბრიდან ფლობს, 40 წლით. ლიცენზია ისე გაიცა, რომ გადაწყვეტილების მიღების არცერთ ეტაპზე მოსახლეობას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
მე-7 წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ბუაჩიძის დროებითი განჩინებით საწარმოს სპეციალური მმართველი ისე მართავს, რომ სასამართლოში სარჩელი შეტანილი არ არის და რაიმე დავა არ მიმდინარეობს, რაც იურისტების თქმით, უკანონო, ანტიკონსტიტუციურია. საწარმოს კერძო მფლობელი ჰყავს, აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc, რომელიც საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrlის მეშვეობით ფლობს. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკია.
„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საწარმოში სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა და ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაციაა შექმნილი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის შეყვანის შემდეგ, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აღარ იკვლევს და დარღვევებზე არ რეაგირებს.
გასული წლის ბოლოს, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა.