რას ჰყვება მოქალაქე, რომელსაც ნიღბიანმა პოლიციელებმა დაკავებისას თავში ურტყეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი თანამშრომლების მიერ დაკავებისას ნაცემი გედევან კუპრავა ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ცუდად გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კუპრავამ დაკავების დეტალები ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში გაიხსენა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს წარმომადგენლები პოლიციის ფურგონთან მას თავში მუშტებს ურტყამდნენ. როგორც თავად ამბობს, ძალადობა მანქანაში ჩასმის შემდეგაც გაგრძელდა.

„დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ და ძალადობდნენ. მერე, აშკარად სხვა ხელში გადავედი - უკვე ოთხნი იყვნენ ორის ნაცვლად და

ის ოთხი, გზაში სანამ მივყავდით, სახეში მუშტებს მირტყამდა. ყველა ნიღბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვნახე, რითიც შეიძლება ვინმე ამოვიცნო.

ჩემი მხრიდან არ ყოფილა არც გინება, არც რამის სროლა. უბრალოდ ვთხოვდი, ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ირგვლივ ქალები და გოგოები იყვნენ. ეს იყო ჩემი დაკავების მაპროვოცირებელი.

განყოფილებაში, ვარკეთილში, დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნება. იეჭვეს, ტვინის შერყევა არ ჰქონდესო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დავეტოვებინე“, - ამბობს გედევან კუპრავა.

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან - თავისა და სახის ტრავმებით - ხუთი მოქალაქე მიიღეს, რომელთაგან ოთხი ამ დრომდე მათთან რჩება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განაცხადა, რომ ოთხივე პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს.

2 თებერვალს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ
„თბილისი მოლთან“ გაიმართა. პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.

პოლიტიკოსები და აქციის რიგითი მონაწილეები ძალადობის გამოყენებით დააკავეს, რასაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ხელმძღვანელობდა.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირებულმა „ხარებამ“ ერთ-ერთ დაკავებულს სახეში წიხლი თავადაც ამოარტყა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმელებმა ხელებშეკრული მიუყვანეს.

საავადმყოფოში რჩება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელსაც ასევე თავის ტვინის შერყევა აქვს. ის პროფესიული საქმიანიბის შესრულების დროს დაეცა და გონება დაკარგა იმ დროს, როდესაც პოლიციამ მოქალაქეებზე მიწოლა და მათი დაკავება დაიწყო.

„თბილისი მოლთან“ აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.