„რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფებს შეახსენა, რომ ის მოქმედებს კონსტიტუციის თანახმად, კერძოდ:
- საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
- საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;
- საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
სესიას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩიოდა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მთავრობას ზოგიერთი ელჩის დანიშვნაზე უარს ეუბნებოდა. 2023 წლის თებერვალში მთავობამ კონსტიტუციური სარჩელი უკან გაიხმო. მანამდე პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მას მთავრობამ უარი უთხრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, რისთვისაც პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა.
პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლისას ისაუბრა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისა და მიღწევების გასამყარებლად.
„2021 წლის მარტს, საქართველოში, ჩემი ძალისხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის, ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადსაჭრელად.
2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე.
2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი. სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები.
გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება, (ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება), თუმცა, ამ შეწყალებამ არც პოლიტიკურ შედეგზე და არც დეპოლარიზაციზე არ იქონია სასურველი გავლენა.
გამოვიყენე ასევე, ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ევროპული ინტერგრაციის პროცესს დავადე ვეტო და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როცა ევროპულ გზას დაემუქრება საფრთხე.
იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ.
აქვე მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლახან მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. „18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.
თავის მოტყუება აღარ შეიძლება! ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს.
ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.